"თბილისის განვითარების ფონდი" კონტრაქტებს შესასწავლად პროკურატურას გადასცემს

"თბილისის განვითარების ფონდი" წინა წლებში კონტრაქტორ კომპანიებთან გაფორმებულ დოკუმენტაციას შესასწავლად პროკურატურას გადასცემს.

ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში "თბილისის განვითარების ფონდის" თავმჯდომარე თემურ ხომერიკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მერიაში მთავრობის სხდომაზე თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. კერძოდ, თემურ ხომერიკის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დაკანონდა, რომ ფონდის ნებისმიერი თანამშრომლის სტატუსს და მის ხელფასს დედაქალაქის მერი განსაზღვრავს და არა თავად ფონდის თავმჯდომარე, როგორც ეს აქამდე იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება თემურ ხომერიკმა იმით ახსნა, რომ ფონდის ყოფილი ხელმძღვანელობა თანხებს თავად განკარგავდა. მაგალითად, მაისში ფონდის პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ თანამშრომელზე 25 000-ლარიანი პრემიაა გაცემული, თავად ფონდის თავმჯდომარეს კი, 20 000 ლარიანი პრემია აქვს აღებული.

თემურ ხომერიკის ინფორმაციით, ფონდში რეორგანიზაცია ჩატარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს 29 პირი. მათი უმეტესობა ფონდში სამუშაოზე არ დადიოდა და ხელფასს ისე იღებდა. თემურ ხომერიკის თქმით, ფონდში გაფორმებული იყო სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, ეკა ხერხეულიძე და სხვები.

"თბილისის განვითარების ფონდის" თავმჯდომარემ გაფორმებული კონტრაქტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლახან, აუდიტის სამსახურს შესასწავლად გადასცეს რიყის საკითხი. ხომერიკის ინფორმაციით, ფონდში ამჟამად შემოსავლების სამსახური მუშაობს და ფონდის ყველა დოკუმენტაცია მათ გადაეცათ. ასევე ელოდებიან აუდიტის სამსახურის შესვლას. ამ დღეებში აუდიტის ჩატარების შედეგად შეგროვილ მასალებს პროკურატურას გადასცემენ.