„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გოგიტა თოდრაძემ განუცხადა, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან.
მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვისა ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს.
„განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პრაქტიკა არ არსებობს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას „საქსტატი“ ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. არსებული მეთოდოლოგიით, რომელიც თუ არ ვცდები 2003 წელსაა შემუშავებული, ხდება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება მხოლოდ „საქსტატის“ კომპეტენციას არ წარმოადგენს. მეთოდოლოგიის ცვლილება ხდება მთავრობის დადგენილებით და ინიცირების უფლება ერთობლივად „საქსტატს“, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ", -აცხადებს თოდრაძე.
შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 168.2 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318.6 ლარია.