აშშ-მ ევროკავშირიდან იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის იდეაზე შესაძლოა, უარი თქვას

შეერთებული შტატები ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ახალ საბაჟო გადასახადს სავარაუდოდ, არ დააწესებს. როგორც Bloomberg-თან ინტერვიუში ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა განაცხადა, ამის მიზეზი მოლაპარაკებებში ევროპელი ავტომწარმოებლების მხრიდან პოზიტიური გზავნილები გახდა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები ცალკეულ კომპანიებთან კაპიტალდაბანდებებზე მოიტანს საკმარის შედეგს და ჩვენ არ დაგვჭირდება 232 მუხლის გამოყენება არც სრულ და არ ნაწილობრივ ფორმაში“, - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, 232-ე მუხლი ამერიკის 1962 წლის კანონიდან აძლევს პრეზიდენტს უფლებამოსილებას იმპორტის კორექტირების მიზნით დააწესოს საბაჟო ტარიფები ქვეყნის ერვნული ინტერესების დაცვიდან გამომდინარე.

„ჩვენ ძალიან კარგად ვეკონტაქტეთ ჩვენს ევროპელ, იაპონელ და სამხრეთ კორეელ მეგობრებს, რომლებიც წარმოადგენენ საავტომობილო სექტორის უმსხვილეს კომპანიებს“, - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ინტერვიუ ბანგკოკში მისცა, სადაც მიმდინარეობს მნივნელოვანი საინვესტიციო სამიტი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი და ის განიხილება ევროკავშირ-აშშ-ს სავაჭრო მოლაპარაკებებში. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირი არასამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო შტატებთან მიმართებაში და ხაზს უსვამდა, რომ ევროპელების ქმედებები ამ საკითხში ჩინელებზე უარესია.

კოკა კვირკველია