ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეაგირება უკვე მოახდინა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებით ეროვნულმა ბანკმა ეფექტური ნაბიჯები გადადგა.
„ჩვენი აზრით, საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა. არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ის რაც კობა გვენეტაძემ თქვა, რომ იმ წლის გაზაფხულისთვის მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდგომში გააგრძელებს ქვემოთ სვლას და მხოლოდ მომავალში შეიძლება გაჩერდეს ნიშნულზე, ამის ყველა წინაპირობაა. ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი და ფისკალურ ნაწილში მთავრობა ატარებს, იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.