"ინფლაციის ის ზრდა, რაც დღესდღეობით არის, კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული"

ინფლაციის ის ზრდა, რაც დღესდღეობით არის, კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მიღებული ნაკლები ტურისტული შემოსავლით და უარყოფითი მოლოდინებით, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ქვეყანაში ფასების ზრდას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვენეტაძემ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვნელ ვერა მერსედეს მარტინთან სსფ-ის შემფასებელი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას ისაუბრა.

„მაშინ, როცა ხდება ფასების გაზრდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გავაანალიზოთ, რა არის ამის საფუძველი და რა ზომები არის მიღებული. როგორც აღვნიშნე, სათანადო ზომები იყო ამასთან დაკავშირებით მიღებული და ეროვნულ ბანკს გააჩნია ჩარჩო, რომლის დახმარებითაც, ის რეაგირებას ახდენს ინფლაციაზე. არ დაგვავიწყდეს, როცა ჩვენ ასეთი მომენტი გვქონდა 2017 წელს, როცა უფრო მაღალი იყო ინფლაცია, ვიდრე მიზნობრივი, მაშინაც დროული და სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, ინფლაცია როგორც ვპროგნოზირებდით, ზუსტად ისე მოიქცა და დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს და მიზნობრივ მაჩვენებელს ქვევითაც იყო. ვფიქრობთ, რომ სწორი რეაგირებით აბსოლუტურად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც საჭიროა, მაგრამ ზოგადად, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მნიშვნელოვნად ახერხებს ქვეყანა და ქვეყნის ეკონომიკა ასეთი შოკების გადატანას. საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში გრძელდებოდა, ხოლო ინფლაციის ის ზრდა, რაც დღესდღეობით არის, ეს არის გამოწვეული კურსის გაუფასურებით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მიღებული ნაკლები ტურისტული შემოსავლით და უარყოფითი მოლოდინებით“, - განაცხადა გვენეტაძემ.