"ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს"

ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებლებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, საყურადღებოა, რომ დღეს „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე 3.4 პროცენტია, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს არის. ეს მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის და ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს.

ამასთან, გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პროგრამის კიდევ ერთი - მეხუთე - მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პროგრამა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა. პროგრამის ერთი წლით გაგრძელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, საგარეო შოკის ფონზე ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ არასტაბილურ სიტუაციას და ე.წ. „სავაჭრო ომების“ მზარდ გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. ინფორმაციისათვის, პროგრამის გაგრძელება ნიშნავს დამატებით ორი მიმოხილვის ჩატარებას, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მისაღებ თანხას, ის არ გაიზრდება და უცვლელი დარჩება, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის ქვოტის 100 პროცენტს, ანუ, დაახლოებით 290 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ამ ეტაპისათვის დაახლოებით 208 მილიონი აშშ დოლარია მიღებული. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმების დამსახურებით, ეკონომიკამ შეძლო ბოლო პერიოდის უარყოფითი შოკი მინიმალური დანაკარგით გადაელახა. კერძოდ, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე, ტურიზმის სექტორიდან შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, საგარეო მოთხოვნა ძლიერი რჩება. ეკონომიკური აქტივობა სტაბილურად იზრდება, რაშიც საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეაქვს; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლის პირველ ნახევარში ისტორიულად დაბალი იყო და მოსალოდნელია, რომ მთლიანად წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თავის მხრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე საგარეო შოკების გადმოცემის სიძლიერეს შეამცირებს; ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება საგარეო შოკებთან გასამკლავებლად კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რასაც განხილვებისას საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მიმდინარე ანგარიშის დისბალანსის შესამცირებლად, განსაკუთრებით ტურბულენტურ ვითარებებში. ხაზგასასმელია, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ზედამხედველობის ჩარჩოების განვითარებასა და გაძლიერებას აგრძელებს, რაც, თავის მხრივ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს; ამის დასტურია ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standards and Poor’s-ის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის BB-- დან BB-მდე გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ გრძელდება მუშაობა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. გაუმჯობესებულია ფინანსური სექტორის სტაბილურობის ჩარჩო, ზედამხედველობა და რეგულირება. ეს ყველაფერი კი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის უნარს, უკეთ გაუმკლავდეს შოკებს; გაუმჯობესებული ეკონომიკის მდგრადობის ფონზე როგორც საგარეო, ასევე შიდა მერყეობების მიმართ, ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა ასევე წარმატებით გაგრძელდება,“-განაცხადა გვენეტაძემ.