„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს. როგორც ივანიშვილმა Entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.
„მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით − მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან დადებით რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაიგეგმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა. ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება”, - განაცხადა ივანიშვილმა.