საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მიზნების მიღწევა წარმატებით მოხერხდა.
მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში.
„საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეხუთე მიმოხილვის ფარგლებში შეთანხმებას მიაღწია. თითქმის სამი წელი გავიდა ამ პროგრამის დაწყებიდან და მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული შედეგი, რაც დადასტურებულია როგორც მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესებით, ასევე საკრედიტო რეიტინგებში წინსვლით: პროგრამის დაწყების დღიდან, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა ძირითადი ფისკალური მიზნების განსახორციელებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სამივე მთავარი მიზნის მიღწევა წარმატებით მოხერხდა. ეს მიზნები იყო: 1. მიმდინარე ხარჯების კონტროლი - მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 25,9 პროცენტიდან შემცირდა 23.3%-მდე და კვლავაც განაგრძობს შემცირების ტენდენციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევამცირეთ მთავრობის ზომა. 2. კაპიტალური ხარჯების დაჩქარება- შევძელით მნიშვნელოვნად დაგვეჩქარებინა კაპიტალური ხარჯები. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან; 3. დეფიციტის ნორმალიზაცია - ჩვენი ფისკალური დეფიციტი სტაბილურად მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია. ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტი. ფონდის მიერ მხარდაჭერილმა მაკროეკონომიკურმა და ფისკალურმა პოლიტიკამ ჩვენს ეკონომიკას საშუალება მისცა გამკლავებოდა რეგიონში განვითარებულ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას. მაშინ როცა რეგიონი 1%-ზე ნაკლები ტემპით იზრდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ საშუალოდ 5- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში. 2017 წლიდან მოყოლებული, სამივე სარეიტინგო სააგენტომ (Moody’s, Fitch და S&P Global) გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ უკვე 2 ნაბიჯიღა გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს,“-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, წარმატებით დასრულდა მეხუთე მიმოხილვა სავალუტო ფონდთან და ამას გარდა, მიღწეულია შეთანხმება, რომ სავალუტო ფონდის არსებული პროგრამის ერთი წლით გაგრძელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროგრამის ფარგლებში დასახული ყველა მიზანი მიღწეულია, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია პროგრამის 1 წლით გახანგრძლივება. იგი დამატებითი სიგნალი და გარანტია იქნება, ინვესტორებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის, რათა დავადასტუროთ, რომ ჩვენ ვართ და ვრჩებით ერთგული იმ ძირითადი პრინციპების, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს პროგრამას. ბოლოს, მადლობას ვუხდი ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს და მთელ მის გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა მისიის მუშაობის პერიოდში. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პროგრამის წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის,”-აღნიშნა მაჭავარიანმა.