ივანე მაჭავარიანი - „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“ და მასშტაბური მშენებლობები ეკონომიკისთვის სერიოზული სტიმული იქნება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“ და მასშტაბური მშენებლობები ეკონომიკისთვის სერიოზული სტიმული იქნება.

„დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მათი მშენებლობისა და განხორციელების დროს, რასაკვირველია, მონაწილეობენ ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება მათი დასრულების შემდეგ. მაგალითად, იგივე დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნული გზა და კობი-ქვეშეთი როცა დასრულდება, სინამდვილეში, მათი როლი და კონტრიბუცია ეკონომიკაში მერე იწყება. იგივე შემიძლია ვთქვა წყალტუბოზე. თავისთავად ის, რომ ასეთი მასშტაბური მშენებლობები დაიწყება, რასაკვირველია, ჩვენს ეკონომიკას ძალიან წაადგება. უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ის დასრულდება და პრაქტიკულად, ეკოლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა. როგორც ვიცი, სხვა ბიზნესმენები და სხვა ინვესტორები ასევე აპირებენ, რომ შეუერთდნენ და გამოვიდეს აბასთუმნის ფენომენი, რომელიც როგორც ვიცი, ამ პროექტისთვის იყო შთაგონება. ეს ყველაფერი ჯამში, სამ-ოთხ წელიწადში ერთდროულად შევა მოქმედებაში და მე მგონია, რომ ეს სერიოზული სტიმული იქნება ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.