წყალტუბოს პროექტი არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია, ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კერძო ინვესტიციებით წყალტუბოს განვითარება მომხდარიყო და კურორტს დაებრუნებინა თავისი სიდიადე, ის სახელი, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნა. ეს არის დიდი ქველმოქმედების ნაწილი, მას კომერციული ინტერესი ნაკლებად აქვს. ჩვენ წლებია ბატონი ბიძინას მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა სექტორის განვითარების მხარდაჭერის მომსწრე ვართ. დაინტერესების შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილი მზად არის გაწეულ დანახარჯებზე უფრო ნაკლებ ფასად დაუთმოს ობიექტები ყველა პოტენციურ ინვესტორს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.