მეწარმეებისთვის გარკვეული ჯარიმა-საურავების ჩამოწერის შესახებ პროექტი პარლამენტში განსახილველად შევიდა

მთავრობის ინიციატივა, რომელიც გარკვეული საგადასახადო დავალიანებისა და დარიცხული ჯარიმა-საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ჩამოწერას ექვემდებარება: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; ასევე 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის გადახდის პირობით, თუკი პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ჩამოწერას დაექვემდებარება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმა.