"2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 101.7% - ით შესრულდა"

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, შემოსულობების გეგმა 101.7%- ით შესრულდა. 9 თვეში 154 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 322, 5 მილიონითაა გაზრდილი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები წარადგინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში გადასახადებიდან დაგეგმილზე 85 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, შესრულების მაჩვენებელი თითქმის 100 %- ია.

მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მაჩვენებლები წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის განმავლობაში შემოსულობები 9 043,1 მლნ ლარია, რაც დაგეგმილზე 154,1 მილიონით მეტია. მათ შორის, გადაჭარბებით, 101,2%-ით შესრულებულია გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების გეგმა. (შემოსულია 7 177,3 მლნ ლარამდე, რაც გეგმაზე 85,7 მილიონით მეტია. 9 თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 9 მილიარდ 343 მილიონ 500 ათასი ლარი. 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხვალიდან იწყება).

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.