„ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების წარმოების გაფართოებას აგრძელებს. "როიტერსის" ინფორმაციით, გერმანული კომპანია ამ მიმართულებით, ინტენსიურად გამოიყენებს თავის ჩინურ საწარმოებს. ახალი ელექტრომობილების უმეტესობას კი სწორედ ცისქვეშეთში გამოუშვებს.
"როიტერსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების წარმოებისთვის, ჩინეთში თავის ორ ქარხანას ამზადებს. იქ წარმოება მომავალ წელს უნდა დაიწყოს. ორივე ქარხნის წარმოების წლიური მოცულობა 600 ათასი ავტომობილია. ისინი ანტინსა და ფოშუნში მდებარეობს.
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფი რამდენიმე ბრენდს აერთიანებს და ეს მას ელექტრომობილების წარმოების სწრაფად გაფართოებაში დაეხმარება. შედარებისთვის, ამერიკული „ტესლას“ წლიური მოცულობა ჯერაც ვერ აღწევს ნახევარ მილიონს, როცა გერმანული კონცერნი მსოფლიო ლიდერია და წლიურად 10 მილიონზე მეტ ავტომობილს აწარმოებს.
„ფოლკსვაგენს“ აქვს ელექტრიფიკაციის გეგმა, რომელიც 2023 წლამდე პერიოდში, ამ მიმართულებით, 33 მილიარდი დოლარის მოცულობით ინვესტიციებს ითვალისწინებს. ამ გეგმის შესაბამისად, მოხდება ყველა დიდი ქარხნის გადაიარაღება. ამასთან, ჰანოვერის და ცვიკაუს ქარხნები მალე ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთვება. იგივე მიმართულებით განვითარდება ანტინის და ფოშუნის ქარხნები. მათ გადაიარაღებას „ფოლკსვაგენი“ ადგილობრივ პარტნიორებთან, FAW-თან და SAIC-თან ერთად განახორციელებს. გარდა ამისა, გადაიარაღება დრეზდენის და ემდენის (ორივე გერმანია) ქარხნებშიც მოხდება.
„ფოლკსვაგენის“ გეგმებით, ის 2025 წლისთვის მსოფლიო ლიდერი უნდა გახდეს ელექტრომობილების ბაზარზე.