საქართველოში 10 ყველაზე მაღალ შემოსავლიან კომპანიათა შორის 5 აზარტული ბიზნესია.
აღნიშნული ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ცალკეული კომპანიების შესახებ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების უფლება მათ არ აქვთ. შესაბამისად, „საქსტატმა“ შემოსავლების მიხედვით 2018 წლის ტოპ-10 კომპანიის მხოლოდ ჩამონათვალი მოგვაწოდა და აღსანიშნავია, რომ ეს სიაც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, 2018 წლის TOP-10 კომპანიას შორის ხუთი აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. კერძოდ, ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).
ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.
2018 წლის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კომპანიათა ჩამონათვალში ორი ადგილი უკავია „სოკარის“ აფილირებულ კომპანიებს. კერძოდ, ესენია - შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომლის საქმიანობაც სპეციალიზებულ მაღაზიებში ბენზინით საცალო ვაჭრობაა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ რომლის საქმიანობის სფეროს ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.
აღნიშნული კომპანიების გარდა, გასული წლის 10 ყველაზე შემოსავლიანი საწარმოს ჩამონათვალში მოხვდნენ: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და სს საქართველოს რკინიგზა.
2018 წლის Top-10 კომპანია შემოსავლების მოცულობის მიხედვით: