ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 75,6 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემებითვე, ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მოწინავე ადგილები უკავია რუსეთს, უკრაინასა და ჩინეთს.
„2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 51% (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 3% (106855), პოლონეთი - 16% (3225982) და ჩინეთი - 12% (6060265).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 56% (570948), გერმანია - 34% (506565), ბელარუსი - 62% (2193257), ისრაელი - 85% (240893), ესტონეთი - 20% (559412), რუსეთი - 11% (47201598), მოლდოვა - 7090% (509018), ნიდერლანდები - 28% (81562), ჩეხეთი 98% - (66144), შვედეთი - 460% (64962), ბულგარეთი - 73% (32934), ავსტრალია - 16% (19756), კანადა - 12% (134850), მონღოლეთი - 38% (224652), და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (47201598), უკრაინა (8306807), ჩინეთი (6060265), პოლონეთი (3225982), ყაზახეთი (2958618), ბელარუსი (2193257), ლატვია (1089768), აშშ (603762), ლიეტუვა (570948) და ესტონეთი (559412).
10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 52%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 50,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 58%). მსოფლიოს 27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 62% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 58%).
მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 284 მლნ აშშ დოლარი, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.