„საქსტატი“ მშპ-ს და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიით მოახდენს

15 ნოემბრიდან „საქსტატი“ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას გულისხმობს.

როგორც „საქსტატიდან“ იუწყებიან, ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს ეფუძნება. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაერო-ს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელორუსი.

დღეს, აღნიშნული სისტემა (SNA 2008) მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია დანერგილი. ამასთან, ქვეყნების გარკვეული ნაწილი, ისევე როგორც საქართველო, კვლავ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერსიით (SNA 1993) ხელმძღვანელობს.

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, „საქსტატში“ 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წელს აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს განაპირობებს, რაც ერთი მხრივ უკავშირდება ახალი სტანდარტის შესაბამისად სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშებას, ხოლო მეორე მხრივ მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

ეას-ის ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან. მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების საერთო დონის ზრდას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან ჰარმონიზების მიზნით, ხორციელდება წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება.

ზემოთ აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები, ასევე დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლები, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასების თვალსაზრისით, „საქსტატმა“ მიმდინარე წლის განმავლობაში სპეციალური კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგები ასევე გათვალისწინებული იქნება ეროვნულ ანგარიშებში.

ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატები საქსტატის მიერ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება. იმავდროულად დაგეგმილია ისტორიული მწკრივის განახლება, 2010 წლიდან.