ახალი „შრომის კოდექსის" ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლებისას გამოსაყენებელი კრიტერიუმების კიდევ უფრო დახვეწასა და დაზუსტებაზე საუბრობს.
როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს გამუცხადა, იმისთვის, რომ დამსაქმებელმა ადამიანი სამსახურიდან მოულოდნელად არ გაათავისუფლოს, კანონპროექტში პუნქტი „სხვა ობიექტური გარემოებები" მეტად უნდა დაკონკრეტდეს.
„გათავისუფლებისას არსებობს 12 პუნქტი, რის გამოც შეიძლება გაათავისუფლო ადამიანი და მე-13 პუნქტი „სხვა ობიექტური გარემოებები", სწორედ ამის განსაზღვრა უნდა მოხდეს არგუმენტირებულად. რატომ შეიძლება გაათავისუფლო ადამიანი. თუ არგუმენტები არ აქვს დამსაქმებელს, მაშინ ვერ უნდა გაათავისუფლოს და თუ ეს მაინც მოხდა, დაცვის მექანიზმი უნდა იყოს მისი აღდგენის და კომპენსაციისთვის. თავდაპირველად ამ პუნქტის ამოღება გვქონდა განსაზღვრული, თუმცა გარკვეული კოსნულტაციების შედეგად შესაძლებელია, რომ დარჩეს, თუმცა უნდა დაზუსტდეს, რათა არ მოხდეს ხელოვნურად ამ პუნქტის გამოყენება, რომ მოულოდნელად ადამიანები არ გაათავისუფლონ სამსახურებიდან. დაცვის მექანიზმი სამუშაოდან გათავისუფლებისას უნდა ჰქონდეს დასაქმებულს და ეს მექანიზმი უნდა ჩავდოთ. ესეთი თავისუფლება არ შეიძლება ჰქონდეს დამსაქმებელს," - განაცხადა ცქიტიშვილმა
მისივე თქმით, დამსაქმებელი ვალდებული უნდა იყოს გათავისუფლების ბრძანებაში კონკრეტული მიზეზი მიუთითოს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დიმიტრი ცქიტშვილი ამახვილებს ყურადღებას, კომპანიის გასხვისების შემთხვევაში, დასაქმებულთა მიმართ ვალდებულებების ნაწილის დაზუსტებაა.
„თუ კომპანია გასხვისდა, როგორც საბანკო ვალდებულებები გადადის ერთი კომპანიიდან მეორეზე, ასევე უნდა იყოს ადამიანის მიმართ ვალდებულებებიც, თუ ის პრინციპულად არ ცვლის საქმიანობას. მხოლოდ მფლობელის ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს ვალდებულებების ცვლა დასაქმებულების მიმართ,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.