"თუ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები ამ ფორმით შევა ძალაში, ეს ბიზნესისთვის ხარჯებს გაზრდის, რამაც შეიძლება, სამუშაო ადგილების შემცირებაც გამოიწვიოს"

თუ ეს ცვლილებები „შრომის კოდექსში“ ამ ფორმით შევა ძალაში, ეს ბიზნესისთვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რამაც შეიძლება სამუშაო ადგილების შემცირებაც გამოიწვიოს - ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, რომელიც ახალ „შრომის კოდექსს“ შეეხებოდა.

მისივე თქმით, ახალი კოდექსი მძიმე ტვირთი იქნება ბიზნესისთვის.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული ხასიათის შენიშვნა: სამუშაო დროის ნორმირებასთან, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ნორმირებასთან, შრომის ხელშეკრებულების ვადებთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იმდენად სხვა მხრივ აყალიბებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებს, რომ ჩვენ მიგვაჩნია ეს მძიმე ტვირთი იქნება ბიზნესისთვის. თუ აღნიშნული ფორმით ეს ცვლილებები შევა ძალაში, ეს გამოიწვევს ბიზნესისთვის ხარჯების მნიშველოვნად ზრდას. ამან შეიძლება მოგვცეს სამუშაო ადგილების შემცირება და გარკვეული შრომითი ურთიერთობების ჩრდილოვან სექტორში გადატანა,“ - განაცხადა ლექვინაძემ.