წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, Proparco-მ ქვეყნის უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, „თიბისი ლიზინგს“, 9 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო.
როგორც „ინტრეპერსნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, აღნიშნულ რესურსს „თიბისი ლიზინგი“ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც საქართველოს განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. ამის გარდა, აღნიშნული რესურსი დაეხმარება პირდაპირ ან არაპირდაპირ დაახლოებით 3500-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ან შენარჩუნებას.
„Proparco-ს მიზანს განვითარებად ქვეყნებში და მზარდ ეკონომიკებში კერძო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. თიბისი ლიზინგის გამოცდილება კი მცირე და საშუალო სექტორის ფინანსური საჭიროებების ცოდნის კუთხით, მას იდეალურ პარტნიორად აქცევს, რითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავზარდოთ ჩვენი დადებითი გავლენა ქვეყანის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ჟან-გაბრიელ დაიერმა, Proparco-ს რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
„ამ გარიგებით „თიბისი ლიზინგი“ ფინანსური განვითარების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. Proparco ჩვენთვის არის გამორჩეული პარტნიორი, რომელთან ერთადაც მიზნად ვისახავთ დაფინანსების მოქნილი პირობების შეთავაზებით ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„თიბისი ლიზინგი“ „თიბისი ბანკის“ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „თიბისი ლიზინგი“ აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCa და სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და 120 თანამშრომლით.
Proparco საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (Agence Française de Dévelpement ) შვილობილი კომპანიაა. Proparco კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს და მისი მიზანი მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების ხელშეწყობაა. Proparco მონაწილეობს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწე მეწარმეების და ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებაში და მისი საქმიანობა ფოკუსირებულია ისე სექტორებზე როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური სერვისები, ჯანდაცვა, განათლება. Proparco-ს საქმიანობა მიზნად ისახავს გაზარდოს კერძო სექტორის მიერ შეტანილი წვლილი მდგრადი განვითარების ამოცანების (SDG) მიღწევაში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2015 წლიდან. Proparco აფინანსებს ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ღირსეული შემოსავლის მიღებას, აუცილებელი და ძირითადი მომსახურებების მიწოდებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.