ტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ საუბარია, შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციით სარგებლობაზე სანქცია ორმაგდება და არსებული 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება. ამის პარალელურად მართვის მოწმობაზე 15 ქულა დაგაკლდებათ ამ ტიპის დარღვევაზე.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაგეგმილია სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრებაც. კერძოდ, ამ ტიპის დარღვევაზე ჯარიმების გაორმაგება იგეგმება. ამასთან, მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.
როგორც მომზადებულ პროექტშია საუბარი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. უფრო კონკრეტულად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომილების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.