"ხელისუფლების ბრალია, რომ ინვესტორები არ გვყავს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, მისი მინისტრობის დროს საკმაოდ საწვალებელი იყო ინვესტორის ნახვა, რომელიც წყალტუბოში მდებარე ქონების ყიდვით დაინტერესდებოდა და მისასალმებელია, თუ წყალტუბო განვითარდება.

როგორც გიორგი ქობულიამ „ინტერპრესნიუსთან“ წყალტუბოს აღორძინების პროექტზე საუბრისას აღნიშნა, „ესაა მსხვილი ობიექტები და ამ ობიექტებით დაინტერესებული ინვესტორების ნახვა, ვინც აზრიან ინვესტიციას განახორციელებდა, მარტივი საკითხი არ იყო.“

რაც შეეხება საკითხს, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს წყალტუბოში მდებარე სახელმწიფო ქონების პრივატიზება და მათ შორის მისასალმებელია თუ არა , რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება 1 ლარად გადაეცეს, ექს-მინისტრი აცხადებს, რომ „გააჩნია საინვესტიციო ვალდებულებებს, რომლებსაც ინვესტორი აიღებს“.

„ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. დიდი ხანია უკვე ეს ადგილი განუვითარებელი და აბსოლუტურად ჩამოშლილ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, თუ ამას რაღაც ეშველება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

რაც შეეხება რა ფორმით უნდა გაიყიდოს, ეს სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ისეთი ფორმით უნდა გაკეთდეს, რომ ინვესტორებს საშუალება მიეცეთ შევიდნენ ამ კომპლექსის განვითარებაში. ალბათ, უნდა დაიყოს ლოტებად, განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულებები. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ნაწილი შეიძლება 1 ლარადაც გადაეცეს ინვესტორებს იმ გარანტიით, რომ განსაზღვრულ ინვესტიციას განახორციელებენ. ამ კომპლექსებს რომ დიდი საბაზრო ფასი ჰქონდეს, დიდი ხნის წინ მოხდებოდა მათი პრივატიზება. ჩემი მინისტრობის პერიოდშიც კი საკმაოდ საწვალებელი იყო ამ კომპლექსის პრივატიზაცია და ინვესტორების ნახვა. არავის ეგონოს, რომ ასეთი მარტივია, ამიტომაც ხელი უნდა შევუწყოთ ინვესტორებს, რომ როგორმე განვავითაროთ წყალტუბოს კომპლექსი. აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს სამუშაო ადგილების შექმნას, ზოგადად შემდგომ ინფრასტრუქტურის შექმნას“, - აღნიშნა ქობულიამ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ინვესტორების ნაკლებობასთან ერთად არის თუ არა პრობლემა არსებულ ინვესტორებთან პირობებზე შეთანხმების პროცესი, გიორგი ქობულია შემდეგნაირად პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ინვესტორების ნაკლებობას განვიცდით. არის ბევრი ფაქტორი, რაც ხელს გვიშლის, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ. მე პირდაპირ ვიტყვი - ხელისუფლების ბრალია, რომ ინვესტორები არ გვყავს, საკმარისი რაოდენობით, იმიტომ, რომ ინვესტორების მოზიდვის და მათთან მუშაობის პროგრამები გამართული არაა. ეს ერთი და მეორე ის, რომ ის ინვესტორები, რომლებიც მოდიან, ზოგჯერ არ არიან თანახმა, რომ შეასრულონ პირობები, რათა ეს ობიექტები იმგვარად განვითარდეს, რომ ქვეყანას მაქსიმალურად წაადგეს,“ - აღნიშნა ქობულიამ.