"კარგი, მოვრჩით - არავინ სვამს ბენზინს და სახლში არ მიაქვს"

"კარგი, მოვრჩით, გადავიდეთ სხვა კითხვებზე" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებებს თბილისის მერიის მიმართ. კალაძემ არ უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვებს IDFI-ს კვლევაზე ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა რა საჭიროების გამო მოხდა 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების სარაგოსა და საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდა, რაზეც კალაძემ აღნიშნა, "ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე".

რაც შეეხება ბენზინის ხარჯის ზრდას, კალაძემ აღნიშნა, რომ "ალბათ, იყო ამის საჭიროებაც". "არავინ სვამს ბენზინს და სახლში არ მიაქვს. იყო ამის საჭიროება",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ IDFI -ის ინფორმაციით, 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო და საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზარდა.

„2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.

საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 ათასი ლარით შემცირდა.

მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დახარჯული თანხა 2018 წელს 1 მლნ 790 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნასა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს“, - ნათქვამია განცხადებაში .