პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მორიგი პაკეტი საგადასახადო კოდექსში, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ.

"კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის: შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ცვლილებები ხელს შეუწყობს იმ ადგილობრივი საწარმოების განვითარებას, რომლებიც უცხოურ კომპანიებს უწევენ მომსახურებას. შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო ადგილობრივი ბიზნესისთვის", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ჩამოწერას დაექვემდებარება: 2005 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ჩამოიწერება საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წინა წლებში დაკისრებული ჯარიმები მძიმე ტვირთად აწვებოდათ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადდება მათთვის, ვისი საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება ხუთი ათას ლარს. გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადავადებას ერთი წლით, თუკი თანხა არ აღემატება 5 000 ლარს.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრისთვის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანია, ფინანსთა სამინისტროს ტრანსპარენტულობა, საგადახადო კანონმდებლობის სადაო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება, საჯარო გადაწყვეტილების ინსტიტუტის რეალურად ამოქმედება, ბიზნესისათვის საგადახადო კანონმდებლობის სადაო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის წინასწარ გაცნობა.