როგორ იყენებენ ჰიდროელექტროსადგურებს კრიპტოვალუტის საწარმოებლად ევროპის აღმოსავლეთ კიდეზე. ედ ბატლერი, „ბიბისის“ ჟურნალისტი საქართველოს ეწვია ბიტკოინის იმ ქარხნების მოსანახულებლად, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ამახვილდებს ყურადღებას. „ჩვენ გვაქვს ახალი ამბიციური გეგმები წყალქვეშა მაღალი-ძაბვის ელექტრობის კაბელების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გააერთიანოს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ევროპის შავი ზღვის სანაპიროებთან. ეს არის იდეა და კარგი გზა, რომ მეტად გავხდეთ ინტეგრირებულნი ევროპის ენერგო სისტემაში“,-აცხადებს მინისტრი.
ჟურნალისტი თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანასაც ეწვია, სადაც მას ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორად აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი. მისივე განცხადებით, საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მესამე ქვეყანაა ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ.
„მხოლოდ ეს წარმოება მოიხმარს 389,7 მლნ კვტ/სთ-ს. ეს არის მთელი ქვეყნის მოხმარების 4%. პრობლემა ისაა, რომ არის კიდევ მიკრო-წარმოებები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩემი აზრით, მათ, საერთო ჯამში, მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტი სჭირდებათ“, - აცხადებს დავით ჭაპაშვილი, „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელი, „ბიბისისთან“ ინტერვიუში.
ჟურნალისტი კომპანიის ლატვიელ დამფუძნებელს, კითხვას უსვამს ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიზნესში წილი არ აქვს.
ავტორის თქმით, საჯარო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ივანიშვილს შესაძლოა, არ ჰქონდეს პირდაპირი წილი ამ ბიზნესში, თუმცა მასთან დაკავშირებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ საქართველოში წარმოების დასაწყებად 10 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ავტორი ასევე აცხადებს, რომ საწარმო სპეციალურ თავისუფალ სავაჭრო ზონაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იხდის გადასახადებს ელექტროენერგიისთვის.
მოამზადა - ნუკა კეკელიამ