„ჩინეთის საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს"

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, ლი სიაოფენგთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარება იყო.

მისივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის საზღვაო განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები უკვე დაწყებულია და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს.

„დღეს კი დაპირება მივიღეთ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრისგან, რომ არსებული გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიებს შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.