თბილისის სუპერმარკეტების ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა

თბილისში, ჰოლანდიური ქსელის SPAR International-ის სამი ობიექტი გაიხსნა.

ობიექტები ”ფუდმარტისა” და ”იოლის” ქსელს ეკუთვნის, რომლებიც SPAR Intenational-ის სახელს, გამოცდილებასა და ცოდნას გამოიყენებენ.

როგორც ”ფუდმარტის” პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი, მარიკა გენგაშვილი აცხადებს, ქსელი აქცენტს საკვებ პროდუქტზე გააკეთებს და მომხმარებელს ყოველდღიურად განახლებულ, ჯანსაღ პროდუქციას შესთავაზებს. შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ქსელი დაბალ ფასებს მომხმარებლის მოსაზიდად, მარიკა გენაშვილი პასუხობს: ”ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი, ამიტომ ფასები დაბალი ვერ იქნება, თუმცა ჩვენ მუდმივად შევთავაზებთ მომხმარებელს ფასდაკლების აქციებს კონკრეტული დასახელების პროდუქტებზე”.

SPAR-ის ობიექტებში ასევე მოეწყობა საცხობები, სადაც მომხმარებელი სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის შეძენას შეძლებს.

მარიკა გენგაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის ბოლომდე, თბილისის მასშტაბით, SPAR-ის ობიექტების რიცხვი, დაახლოებით, 15-მდე გაიზრდება.

SPAR International საცალო ვაჭრობის უმსხვილესი გლობალური ბრენდია, რომელიც 12 ათასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს 35 ქვეყანაში.

თამარ კორკოტაშვილი