ირაკლი ტაბაღუა რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს მოუწოდა, გარემოს დაბინძურების რეალური მონიტორინგი ჩაატარონ და ამ კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრაზე, აქტიურად იზრუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ საწარმოების ტექნიკურ დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა, უკვე წელიწადნახევარია ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე საწარმოების ხელმძღვანელებთანაც. მისი თქმით, თითოეული მათგანი გადაბრალების პრინციპით მოქმედებს და ამბობს, რომ ატმოსფეროში, მათი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილი ნორმების ფარგლებში ხდება. ტაბაღუას განცხადებით, იმისათვის, რომ ეს აღარ მოხდეს, უნდა განხორციელდეს ცვლილებები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეალური თვითმონიტორინგი და არა ისეთი, როგორიც დღესაა.

,,აქ არ არის საუბარი ისეთ მოთხოვნებზე, რომელებიც საწარმოო პროცესს და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის. რუსთავში დამონტაჟებულმა მობილურმა სადგურმა, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგისას დააფიქსირა, რომ ბოლო პერიოდში, მტვრის ნაწილაკების, კერძოდ PM2,5 და PM10-ის გაფრქვევა დადგენილ ნორმას ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მისივე თქმით, თვალნათლივ ჩანს ის, რომ გარკვეულ ხარვეზებს, რაც არსებულ საკანონმდებლო აქტებს გააჩნია, ძალიან წარმატებულად იყენებს აბსოლუტურად ყველა კომპანია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.

,,თვითმონიტორინგის შედეგად წარდგენილი ჰაერის მასების დაბინძურების მაჩვენებლები, ფაქტობრივად ყველას ნორმაში აქვს და ზოგს გადაჭარბებითაც კი შეუძლია უფრო მეტი გამონაბოლქვით, ასე ვთქვათ ისარგებლოს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსურდი. ჩვენი შეთავაზება და მათი მხრიდანაც იყო აღიარება იმისა, რომ ეს თვითმონიტორინგი არასრულფასოვანია. ეს არის, რაღაც თეორიაზე დაფუძნებული გამოკვლევა, რომელიც არ ასახავს ზუსტ შედეგებს. მათ მიეცათ დრო, იმისათვის რომ ჩამოყალიბდნენ. საქართველოშიც არიან აკრედიტირებული კომპანიები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ საწარმოში მონიტორინგი ჩაატარონ ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების დაცვით. რაც მთავარია, მე მათ ავუხსენი, რომ გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტს თავისუფლად შეუძლია მოითხოვოს ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რაც ეხება უსაფრთხო გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას. მე ვფიქრობ საკმარისი დრო გავიდა უკვე იმისათვის, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა, საწარმოებმა, ტექნიკურმა პერსონალმა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან უსაფრთხო და უკეთესი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რასაც მე ჯერ ვერ ვხედავ. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა და პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ჯანმრთელობა, რომლებიც, არა ერთი წელია მუშაობენ და სწორედაც, მათი მუშაობით არის წარმოებაც გამართული“, - განაცხადა რუსთავის მერმა შეხვედრის დასასრულს, ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი, ,,ჰაიდელბერგ-ცემენტ ჯორჯიას“, ,,ჯეო-ფერო მეტალის“, ,,რუსელოისის“, ,,ჯორჯიან-ელოის გრუპისა“ და ,,ჯეოსთილის“ ხელმძღვანელი პირები და ტექნიკური დირექტორები ესწრებოდნენ.