ბათუმის და ფოთის პორტებში ნატო-ს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა შავი ზღვის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
„შავი ზღვა საქართველოსთვის როგორც მომავალი ეკონომიკური განვითარების პოტენციალს წარმოადგენს, ისე უსაფრთხოების გამოწვევას. მისი პონტენციალი არის ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები უფრო და უფრო პირდაპირ აკავშირებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორებთან მეორე ნაპირზე. ეს კი ნიშნავს, რომ შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთვოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ. ბათუმის და ფოთის პორტებში ნატო-ს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავ ზღვაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.