„შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს ჯერ არავინ დაგვკავშირებია“ - რა პრობლემებით ხვდება ზამთრის ტურისტულ სეზონს გუდაური

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამთო კურორტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

გუდაურში დასვენების მსურველი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები სასტუმროების დაჯავშნას უკვე იწყებენ. თუმცა როგორც ადგილობრივ სასტუმროების ნაწილში ვარაუდობენ, წელს ვიზიტორების რაოდენობა შესაძლოა, შარშანდელთან შედარებით ნაკლები იყოს, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირდება.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გუდაურის სასტუმროებში აღნიშნავენ, რომ თუ შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აკრძალვის გამო, რუსეთიდან ჯერ კიდევ არც ერთი ჯავშანი არ გაკეთებულა. თუმცა, ადგილობრივი ბიზნესი იმედოვნებს, რომ სეზონი წინ არის და რუსი ტურისტები საქართველოს შემოვლითი გზებით მაინც ეწვევიან.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც გუდაურშია, სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შიდა გზები, ტროტუარები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ტრანსპორტი კვლავ კურორტის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელი ლევან კარიჭაშვილი - „ტრადიციულად, ალბათ, 15 დეკემბერს გაიხსნება სეზონი და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა. წელს სავარაუდოდ, რუსი ტურისტების ნაკლებობა იქნება. მაგალითად, შარშან ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, წელს ჯერ კიდევ არ დაგვკავშირებიან. თუმცა, ისინიც ცდილობენ, რომ ფრენების არარსებობის გამო, სხვადასხვა გზებით მოხვდნენ საქართველოში. იმედი გავქვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩამოვლენ.

რაც შეეხება პრობლემებს, რაც გასულ წელს იყო, იგივე რჩება. მხედველობაში მაქვს, შიდა გზები, რომელიც ისევ მოუწესრიგებელია, ნაგვის პრობლემა ისევ არის, ტრანპორტი კი, იყო, არის და ალბათ, სულ იქნება გუდაურის პრობლემა... არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოწესრიგდეს“.

გუდაურის ნომერ პირველ პრობლემად ტროტუარების არასეობობას ასახელებს სასტუმრო Quadrum-ის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთვი. მისი თქმით, ტურისტები ხშირად ჩივიან, რომ ფეხით გადაადგილება უნდათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საავტომობილო გზაზე სიარული საფრთხის შემცველია, თავს იკავებენ, ან ტაქსის სერვისს იყენებენ.

„გასულ წლებში, რუსი ტურისტები ჩვენი სასტუმროს ვიზიტორების დაახლოებით, 25%-ს შეადგენდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ფრენების აკრძალვა ჩვენზე ნაკლებად აისახება, თუმცა რა თქმა უნდა, მაინც იმოქმედებს. წელს დაჯავშნა უკვე დაწყებულია, მეტიც, ახალ წელს ადგილები თითქმის აღარ გვაქვს. გვეყოლება თუ არა რუსი ტურისტები, არ ვიცი. ზოგადად, ზაფხულში ძირითადად, არაბები, ინდოელები და ებრაელები ჩამოდიოდნენ, ზამთარში კი რუსები. წელს ვნახოთ, რა იქნება.

რაც შეეხება ყველაზე დიდი პრობლემას, ეს არის საფეხმავლო ბილიკები, რომელიც არ არსებობს. ტურისტები სულ ამას ჩივიან, რომ ფეხით გადაადგილება უნდათ და საავტომობილო გზაზე ხომ არ ვივლითო. უწევთ ტაქსების გამოძახება, რაც გუდაურში ძალიან ძვირი მომსახურებაა“,- აცხადებს ირაკლი ერისთავი.

ჯავშნების ნაკლებობაზე საუბრობენ სასტუმრო „ედელვაისში“. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, გასულ წელს სტუმრების 90% რუს ტურისტები იყვნენ, წელს კი ჯერ არცერთი ჯავშანი არ ყოფილა.

„ჩვენი ჯავშნების 90% უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა კი რუსები იყვნენ. წელს გაყიდვები დაწყებულია, თუმა ჯერ არცერთი ჯავშანი არ გვაქვს“,- აღნიშნავენ სასტუმროში.

ნინი ქეთელაური