ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შეძლეს

ევროკავშირის ელჩებმა გუშინ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება და მის განხილვას ხუთშაბათს განაგრძობენ.

ამის შესახებ "როიტერი" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სანქციების პაკეტის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში პარასკევს გამოქვეყნდება და ამავე დღიდან შევა ძალაში.

სააგენტოს ცნობით, სანქციების მიღებას გერმანია დაჟინებით მოითხოვდა. თუმცა, იმის გამო, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, ზოგიერთი ქვეყანა სანქციების მხარდაჭერის წინააღმდეგია. ახალი სანქციები მანამდე დაწესებული სექტორალური სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.