საქართველოში გაცემული მუდმივი ბინადრობის მოწმობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა 20 811 უცხოელს აქვს მინიჭებული, საიდანაც 44%, სულ 8 889 მოწმობა რუსეთის მოქალაქეებზეა გაცემული - ამის შესახებ აღნიშნულია მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში“.

16%-ით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მუდმივი ბინადრობის მოწმობა სულ აზერბაიჯანის 3 189 მოქალაქეზეა გაცემული. 2 211 მოწმობაა გაცემული სომხეთის მოქალაქეებზე, 1 718 მოწმობა - უკრაინის, 3 946 კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.

რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობებს, კვლევის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სულ გაცემულია 31 356 მოწმობა. დროებიტი ბინადრობის მოწმობებიტ ლიდერობენ ირანის მოქალაქეები - 7 279 მოწმობა, შემდეგია ინდოეთი - 5 951 მოწმობა, მესამე ადგილზეა რუსეთი - 4 028 მოწმობით.

ამასთან, ბინადრობის მოწმობების მფლობელ უცხოელთა ნახევარზე მეტი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისშია რეგისტრირებული, ხოლო დაახლოებით 1/3 ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში სსგს-ს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სხვადასხვა საფუძვლით 88,493 ბინადრობის ნებართვა გაიცა. აქედან ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა 2015 წელს გაიცა. 2016 წელს ბინადრობის ნებართვების შემცირება 2015 წლის ივნისში ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებით აიხსნება, რომლითაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და 1 წლით ყოფნის უფლება 95 ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ. თუმცა, ამ რეგულაციის მიუხედავად, 2016 წლიდან ბინადრობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა მაინც მზარდია“, - აღნიშნულია „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში“.

აღსანიშნავია, რომ როგორც რაოდენობრივად, ისე წილობრივად ბოლო ოთხ წელიწადში გაზრდილია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებებიც, რომელთა წილი მიღებულ გადაწყვეტილებებში 3%-დან 23%-მდე გაიზარდა. კვლევის მიხედვით, 2018 წელს ბინადრობის მოწმობაზე უარი 6 598 ადამიანს ეთქვა, 2017 წელს - 4 256-ს, 2016 წელს - 1 6 59-ს, 2015-ში კი ბინადრობაზე უარი მხოლოდ უცხოეთის 889 მოქალაქემ მიიღო.

2015-2018 წლებში გაცემული ბინადრობის ნებართვების ყველაზე დიდი წილი შრომით და სასწავლო ბინადრობის ნებართვებზე მოდის, რომლებიც დროებითი ტიპის ნებართვებს მიეკუთვნება.

ელზა წიკლაური