ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა.
რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიები უმეტესად სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. თუმცა არიან მწარმოებლები, რომლებმაც გაყინული ხორცის გამოყენებაზე უარი თქვეს და საკუთარ მომხმარებელს ნედლი ხორცისგან დამზადებული პროდუქცია შესთავაზეს. ერთ-ერთი ასეთია ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ანტრეკოტი“, რომლის მაღაზიაშიც მომხმარებელს ნედლი ხორცის და მისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.
ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, უხეში გათვლებით ეს წილი 60%-ს აღემატება. გაყინული ხორცი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის. ლიდერთა შორისაა ბრაზილია, არგენტინა, ინდოეთი. გაყინული პროდუქტი, ადგილობრივ ნედლ ხორცთან შედარებით, იაფია და მაღალი მოგების მისაღებად სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორან-სასტუმროების მხრიდან მასზე მოთხოვნა დიდია.
მართალია, ტემპერატურული რეჟიმისა და სხვა საჭირო პირობების დაცვის შემთხვევაში გაყინული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა საკმარისია შენახვის პროცესში ადგილი ჰქონდეს ტემპერატურის თუნდაც ერთ - გრადუსიან ცვლილებას და ხორცი უკვე მოსახმარად სარისკო ხდება. განსხვავებულია გაყიდული პროდუქტით მომზადებული პროდუქტების ფასებიც, თუ ბაზარზე ერთი ხინკალი 25-30 თეთრი ღირს, ის ნამდვილად ვერ იქნება ნედლი ხორცისგან დამზადებული. თუმცა შესაბამისად განსხვავებულია გაყინული და ნედლი ხორცისგან დამზადებული პროდუქტის გემურო თვისებები, სადაც ნედლი ხორცის უპირატესობა ცალსახაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გემურ თვისებებთან ერთად ნედლი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები ვიტამინებს თითქმის სრულად ინარჩუნებს. სწორედ ნედლი ხორცისგან ამზადებს პროდუქციას „ანტრეკოტი“, რომელიც თბილისში, ფალიაშვილის 82-ში 2017 წელს გაიხსნა. თავდაპირველად „ანტრეკოტში“ იყიდებოდა როგორც საქონლის, ასევე ღორის, კურდღლის და ქათმის ხორცი. მოგვიანებით, კომპანიამ პარტნიორის დახმარებით მის დახლებზე განთავსებული ხორცით ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყო.
„ჩვენი მაღაზია ცოცხალი ხორცით პირდაპირ ფერმებიდან მარაგდება, ჩვენთან ვერ იყიდით გაყინულ ხორცს და ვერც გაყინული ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებს. ყველაფერს ვამზადებთ ახალი ხორცისგან. ეს უნარჩუნებს პროდუქტს საჭირო ვიტამინებს და გემურ თვისებებსაც“, - განაცხადა ოთარ ჩოჩუამ, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
ამ დროისთვის ცოცხალ ხორცთან ერთად „ანტრეკოტში“ მომხმარებელს ამავე ხორცისგან დამზადებული ხინკლის, პილმენის, ქათმის და საქონლის კოტლეტების, ქაბაბის და სხვა პროდუქტების შეძენაც შეუძლიათ როგორც ნახევარფაბრიკატების, ასევე მზა სახით.
ცნობისათვის, „ანტრეკოტის“ 40% რამდენიმე თვის წინ „სინერჯი კაპიტალმა“ შეიძინა. პარტნიორები აცხადებენ, რომ აპირებენ ქსელის გაფართოებას და ონლაინ გაყიდვის სერვისის განვითარებას.