ბიზნესის მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენაზე რეგულაციები მკაცრდება

იმ კომპანიებს, რომლებიც სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენაზე უარს იტყვიან, სანქციები დაეკისრებათ.

უახლოეს მომავალში ბიზნესისათვის სტატისტიკური მონაცემების წარდგენა სავალდებულო გახდება. საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს და კანონთა პაკეტის ცვლილების ინიცირებით პარლამენტს ოქტომბერ-ნოემბერში მიმართავს. კანონი, რომელიც ბიზნესსუბიექტებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის სხვადასხვა ტიპის სტატისტიკური მონაცემების წარდგენას დაავალდებულებს, სავარაუდოდ 2015 წლიდან ამოქმედდება. იმ კომპანიებს, რომლებიც სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენაზე უარს იტყვიან, სანქციები დაეკისრებათ. როგორც ”საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი აცხადებს, ბიზნესკომპანიები ხშირად არ თანამშრომლობენ სტატისტიკის სამსახურთან, რის გამოც რთულდება ზუსტი ბიზნესსტატისტიკის წარმოება.

დღეისათვის საქართველოში ბიზნესსექტორის მიერ საქსტატისთვის სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენის წესები რეგულირდება ”ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონი საწარმოებს სტატისტიკური ანგარიშების წარმოდგენას არ ავალდებულებს, საქსტატს კი არ აქვს უფლება მიიღოს რამე ზომები იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც უარს აცხადებენ კვლევებში მონაწილეობაზე, ყოველივე ეს კი ბიზნეს სექტორთნ დაკავშირებული სანდო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას საკმაოდ ართულებს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად უყურებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე და bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ბიზნესსუბიექტებისთვის რამე სახით ზიანის მომტანი არ იქნება.

„ჯერჯერობით აღნიშნული კანონის საბოლოო ვარიანტი გასაჯაროვებული არ არის, თუმცა მეც ვემხრობი ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას, რადგან საჭიროა რეალური წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ქართულ ბიზნესში. მაგალითად, ბიზნესსექტორის მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენის საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა არსებობს ესტონეთში, ბულგარეთში, პოლონეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. 2005 წლამდე მსგავსი კანონი საქართვლოშიც არსებობდა, თუმცა ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციის მიზნით, მისი გაუქმება მოხდა. შესაბამისად, დღეს მსგავსი კანონის მიღება ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას არ ნიშნავს.

რაც ბიზნესმა უნდა გაითავისოს ისაა, რომ ამ კანონის მიღება არ გამოიწვევს მათი კომერციული საიდუმლოს გასაჯაროებას და კონკურენტებისთვის მის წვდომას, რადგან ასეთი ტიპის ინფორმაციის საიდუმლო დაცულია კანონით. ცალკეული მონაცემების გამოქვეყნება ხდება მხოლოდ კრებსითი მაჩვენებლების გაანგარიშების შემდეგ, აგრეგირებულად და არა ცალკეული ბიზნესსუბიექტების მიხედვით, რაც მათ არანაირ პრობლემას არ უქმნის. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით უფრო მეტად გაუმჯობესდება წარდგენილი ინფორმაციის ხარისხი“, - აცხადებს არჩვაძე

საინტერესოა თავად ბიზნესის პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთნ დაკავშირებით...

კომპანია Mate Motors-ის დირექტორი ავთანდილ გელავა bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება რამე სერიოზულ ზიანს მათ არ მოუტანს.

„დღეს ქართულ ბიზნესგარემოში არსებობს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები ვიდრე ის, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს. კომერციული საიდუმლოს დაცულობის თვალსაზრისით კი უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მისი დაცვა საკმაოდ რთულია. მაგალითად, ანგარიშსწორების უდიდესი ნაწილი დღეს საბანკო სექტორის მეშვეობით ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები საჯაროდ არ ქვეყნდება, ფაქტია, რომ კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საკმაოდ დიდი ნაწილი გარეთ მაინც გადის. შესაბამისად, თუ საქსტატი მონაცემთა გამოქვეყნებას უშუალოდ ცალკეული კომპანიების მიხედვით არ მოახდენს, ეს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის კერძო სექტორს”.

კომპანია ATA partners-ის თანადამფუძნებელი გიორგი კვერხელიძე ფიქრობს, რომ დღეს, როცა კანონპროექტი დამუშავების ეტაპზეა, რთულია რამე დასკვნების გაკეთება. ”ეს ცვლილება ბიზნესზე შეიძლება აისახოს როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა რთულია, რადგან უცნობია, უშუალოდ როგორი იქნება აღნიშნული კანონპროექტის საბოლოო სახე”, - ამბობს კვერხელიძე.

ლაშა კელიხაშვილი