საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები მზარდია.ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რუსეთის 15 133-მა მოქალაქემ დაარეგისტრირა.

რა შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უძრავი ქონება შეიძინეს, ასე გამოიყურება:

  • ირანი - 5 598
  • უკრაინა - 2 599
  • ისრაელი - 1634
  • სომხეთი - 1 447
  • თურქეთი - 1 226
  • აზერბაიჯანი - 1 192
  • აშშ - 1 182

მიგრაციის სამთავრობო კომისიის ინფორამციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საკუთრების უფლებით ძირითადად, ბინებს ირეგისტრირებენ. ამასთან, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები.

ასევე გაზრდილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ, თუმცა რაოდენობრივად ბევრად ჩამოუვარდება ბინების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი მკვეთრად შემცირებულია, რაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით მოპოვებაზე 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. მორატორიუმის პერიოდში არსებულ რეგისტრაციის შემთხვევებში ყველა განმცხადებელი სარეგისტრაციო განცხადების წარმოდგენამდე უკვე რეგისტრირებული იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ და მოცემულ შემთხვევებში განხორციელდა მხოლოდ ცვლილება, საკადასტრო მონაცემების დაზუსტება ან/ და მიწის ნაკვეთების გაერთიანება“,- აღნიშნულია „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში.

ნინი ქეთელაური