გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა

10 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, გაო ხუჩენს შეხვდა.

შეხვედრა ჩინეთში საქართველოს ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე, მათ შორის, ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის და საქართველოში ჩინური ინვესტიციების განხორციელებაზე.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების განვითარება ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებითა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის დერეფნის განვითარებით. მათ შორის, იმ პოტენციალით, რომელიც საქართველოს აქვს.