„ბეემვეს“ მესამე კვარტლის საოპერაციო მოგება 33%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის განმარტებით, უგზოობის მოდელების და ქროსოვერების გაყიდვების ზრდის შედეგია. ამ კლასის ავტომობილები კი მოგების მაღალი მარჟით გამოირჩევა. გარდა ამისა, მოგების ზრდას ხელი ერთჯერადი ფაქტორების არარსებობამაც შეუწყო, რომლებმაც შარშან ამ დროს მოგების კლება გამოიწვია.
ბავარიული კომპანიის განცხადებით, მესამე კვარტალში გადასახადების გადახდამდე შემოსავალმა 2.29 მილიარდი ევრო შეადგინა. შედარებისთვის, წინ კვარტლის შემოსავალი 1.72 მილიარდი ევრო იყო, ანალიტიკოსთა პროგნოზით კი, მესამე კვარტლის შემოსავალი 2.16 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო.
კომპანიის საავტომობილო შტოს საოპერაციო მარჟა 6.6%-ია. შედარებისთვის, შარშან მესამე კვარტალში იგივე მაჩვენებელი 4.4 % იყო. თუმცა, მაშინ მარჟის დაბალ მაჩვენებელს თავისი მიზეზი ჰქონდა - გამონაბოლქვზე ახალი სტანდარტის გამკაცრების გამო, სადგომებზე ახალი ავტომობილების დაგროვება და კომპანიის მხრიდან დიდი ფასდაკლებები გამოიწვია, რაც მოგებაზე უარყოფითად აისახა.
„ბეემვეს“ ჯგუფის მიერ ავტომობილების გაყიდვა 2.6%-ით გაიზარდა. განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით, SUV კლასის მოდელები - X3 და X4 სარგებლობს, რომლებიც მაღალი მარჟით გამოირჩევა.
თანდათან იზრდება მოთხოვნა ელექტრომობილებსა და ელექტრიფიცირებულ, მათ შორის, ჰიბრიდულ მოდელებზე. კომპანიის პროგნოზით, 2021 წლისთვის ასეთი ავტომობილების გაყიდვები გაორმაგდება, 2021-2025 პერიოდში კი, ასეთი ავტომობილების გაყიდვების წლიური მატება 30%-ს მიაღწევს.