საქართველოში კვების ობიექტებს ხშირად საყვედურობენ იმის გამო, რომ საკვებად ვარგის, მორჩენილ პროდუქტებს ქველმოქმედებისთვის არ იყენებენ. სად მიდის და ახარისხებენ თუ არა რესტორნები და კაფეები მორჩენილ საკვებს, - ამ შეკითხვებზე პასუხი ბევრ ადამიანს აინტერესებს.
AMBEBI.GE საკითხში გარკვევას შეეცადა. ამისთვის, დაახლოებით, 8 რესტორანსა და კაფეს დავუკავშირდით. მათი ნაწილი განმარტავს, რომ სუფრაზე საკვებად ვარგისი კერძები თითქმის არ რჩებათ. იმ რესტორნებში, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება, გვითხრეს, რომ სუფრაზე მორჩენილი საკვებად ვარგისი კერძები მცირე რაოდენობით რჩებათ და მას პერსონალი მიირთმევს ან სახლში მიაქვს. ზოგიერთი რესტორანი და კაფე კი მორჩენილ ვარგის პროდუქტებს უბრალოდ ყრის.
"როცა მიმტანები სუფრებს ალაგებენ, საკუთარი თვალით რასაც ვხედავ, თითქმის არაფერი არ რჩება. რაც რჩება, საკვებად გამოუსადეგარია და იყრება", - განგვიმარტა ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება.
"დაიჯერებთ, რომ თითქმის არაფერი რჩება?! იმდენიც კი არ რჩება, ძაღლს რომ ვაჭამოთ. იშვიათად თუ სუფრაზე რაიმეს ხელუხლებლად დატოვებენ, თანამშრომლები მივირთმევთ", - განგვიცხადეს რესტორანში, სადაც ძირითადად, მეგრული სამზარეულოა წარმოდგენილი.
ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, დღის ბოლოს ზოგიერთ მარკეტში მზა საკვები ფასდაკლებით იყიდება ხოლმე, რადგან ვარგისიანობის ვადა მალე გასდის. ეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაცაა. უცხოეთში, ზოგიერთ მარკეტში ცალკე თაროებსაც შეხვდებით, სადაც ის პროდუქცია იყიდება, რომელსაც ვადა ცოტა ხნის წინ გაუვიდა და საკვებად ჯერ კიდევ ვარგისია. ჩვენთან ეს პრაქტიკა ნაკლებად არის დამკვიდრებული, თუმცა ვარგისი მზა საკვების "ამოყიდვისთვის" აქციებს ხშირად შეხვდებით.
როგორც "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ბიზნესოპერატორები საკვების რეალიზაციას იმ დრომდე ცდილობენ, ვიდრე მას ვარგისიანობის ვადა გაუვა. ვადის გასვლის შემდეგ კი მისი გაცემა ან რეალიზაცია დაუშვებელია.
"თუკი საკვები არის ვარგისიანი, მაშინ ბიზნესოპრატორი, რა თქმა უნდა, ეცდება, რომ მისი რეალიზაცია მოხდეს და თუ ვერ ამოყიდა და გაუვიდა სარეალიზაციო ვადა, მაშინ ეს პროდუქტი არც სოციალურიად დაუცველებმა და არც სიდუხჭირეში მყოფმა ადამიანებმა არ უნდა გამოიყენონ. ადამიანს შეიძლება, საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ ის ხომ სრულყოფილი, სრულფასოვანი ადამიანია - რატომ უნდა ჭამოს ცუდი პროდუქტი?! ან რატომ უნდა შეჰკადრონ?! თუკი ადამიანს, ქველმოქმედება სურს, ამ შემთხვევაში ვადაგასული პროდუქტი კი არა, არამედ საღი, ჯანსაღი, უვნებელი პროდუქტი უნდა გასცეს. ეს არის ქველმოქმედება და სიკეთე და არა ის, რომ ვაგადასული პროდუქტი შესთავაზოს ვინმეს", - განმარტა მადონა კოიძემ.