ნავთობკომპანიები 40-თეთრიანი მარჟით მუშაობენ

საბითუმო და საცალო ფასს შორის ასეთი სხვაობა წინა ხელისუფლების პერიოდშიც არ ყოფილა

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ამ პროცესებს ვერ ამჩნევენ. 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება მაქსიმუმ 1,71 ლარია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საბითუმო და საცალო ფასს შორის სხვაობა უკვე 40 თეთრია. ასეთი მაღალი მარჟა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც კი არ ყოფილა.

9 სექტემბრის ”პლატცის” მიხედვით, ბენზინის საერთაშორისო ღირებულება 917 დოლარია. ლარის კურსზე გაანგარიშებით (1,74 ლარი) 1 ტონა ბენზინის ფასი 1600 ლარია, ამას ემატება დღგ - 288 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 80 ლარი და საბოლოო ჯამში კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 2218 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა) 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,71 ლარია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობკომპანიები საწვავის შესყიდვისას, სულ მინიმუმ 5%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. თუ ამ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი კიდევ უფრო მცირე უნდა იყოს.

დღეს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ერთი ლიტრი ბენზინი 2,07-2,12 ლარი ღირს. მსხვილი კომპანიებიდან ”რეგულარის” ტიპის ბენზინზე 2,07 ლარი მხოლოდ ”ლუკოილის” ავტოგასამართ სადგურებშია. ნავთობიმპორტიორები უკვე საშუალოდ 40-თეთრიანი მარჟით მუშაობენ. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებშიც კი არ ყოფილა. არადა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო გზავნილი სანავთობო ბაზარზე მონოპოლიის დანგრევა და საწვავის გაიაფება იყო.

ამჯერად პროცესი პირიქით წარიმართა. თუკი ადრე ნავთობკომპანიები, ბენზინსა და დიზელს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლებისას, რამდენიმე კვირაში აიაფებდნენ, ამჯერად, საერთაშორისო ფასები ორ თვეზე მეტია სტაბილურად დაბალია, საქართველოში კი საწვავის გაიაფებას საშველი არ დაადგა.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ საქართველოში საწვავზე მსოფლიო ფასების ადეკვატური ფასი არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს ასეთ მაღალ ფასში რა ოქტანობის საწვავს ყიდულობს და რა სიზუსტით.

”მსოფლიოში ნავთობი გაიაფდა, საქართველოში ასეთი კლება არ მომხდარა. გარდა ამისა, მთავარია არა ფასი, არამედ საწვავის ხარისხი და ჩასხმის სიზუსტე. ამისათვის აუცილებელია აღდგეს სტანდარტიზაციის ინსტიტუტი, რომელიც ამას შეამოწმებს. რაც შეეხება ფასს, უნდა გაიზარდოს კონკურენცია”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ანალიტიკოსის ბექა კემულარიას აზრით, კომპანიები თვითნებობენ, რაზედაც სახელმწიფო მცირე რეაგირებასაც ვერ ახდენს და ამით მომხმარებელი ზარალდება. ”ნავთობკომპანიების ქმედება ყველა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ”პლატცი” მცირდება და ეროვნული ვალუტის კურსიც მყარია, საწვავის ფასი კი რეალურად არ იკლებს.

ის, რომ სულ ცოტა ხნის წინათ კომპანიებმა საწვავი 2-3 თეთრის ფარგლებში გააიაფეს, საზოგადოების თვალის ასახვევად გაკეთდა. ივლისის დასაწყისიდან, როგორც კი საერთაშორისო ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია დაიწყო, იმპორტიორებმა საწვავი 2-3 თეთრით გააძვირეს. შემდეგში, როცა ტენდენცია დიდი ხნით შენარჩუნდა, ნავთობპროდუქტები ამავე მაჩვენებლით გააიაფეს”, - ამბობს ბექა კემულარია.

მისი განცხადებით, გასაგებია, რომ კომპანიებისთვის ფინანსური მოგება გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მომხმარებლის ინტერესების დაცვა, თუმცა სახელმწიფო ასე არ უნდა ფიქრობდეს. კემულარიას აზრით, მთავრობამ ვერ შეძლო, მოსახლეობის ოლიგოპოლიური კომპანიების გადაჭარბებული ”მადისგან” დაცვა.

”კონკურენციის სააგენტოს ფუნქციობის საფუძველი ვერ დავინახე. ელემენტარულად, მან ვერ შეძლო, რომ თვითნებობას მიჩვეული კომპანიების ქმედებებზე რეაგირება მოახდინოს და მათი კარტელური გარიგებები ამხილოს. მსოფლიოში ”პლატცის” ფასი მცირდება, ვალუტა მყარდება და ამ პროცესს ნავთობკომპანიები აინუნშიც არ აგდებენ.

ეს ხდება იმიტომ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებს კონკურენციის სააგენტო, რომლის სახითაც ბიუჯეტს ”ახალი მჭამელი” გამოუჩნდა. მსოფლიოში საკმაოდ რთულად ხდება კარტელური შეთანხმებების გამოვლენა, ანტიმონოპოლიურ სამსახურებს უჭირთ ამ მხრივ. აქ ეს პროცესები დღესავით ნათელია, მაგრამ ქვეყანას გამკითხავი არ ჰყავს”,- აცხადებს ბექა კემულარია.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ რამდენიმე დღეში საწვავის ღირებულება მინიმუმ 5 თეთრით შემცირდება.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”