მარნეულის სასურსათო ქარხნის“ 21/06/2018 წლის წარმოების წითელ ტყემალში, არასაკვები საღებავი არ აღმოჩნდა

სტრატეგიული განვითარების ცენტრის მიერ 2019 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე რეაგირების მიზნით „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ დაუყოვნებლივ შეაჩერა წითელი ტყემლის რეალიზაცია და დაიწყო ქსელიდან პროდუქციის ამოღება, კომპანიამ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემთხვევითი წესით ნიმუშების შერჩევისა და დალუქვის მიზნით.

„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საწყობში იმ დროისათვის 2018 წელს წარმოებული პროდუქცია აღარ იყო, შესაბამისად შეირჩა 2019 წელს წარმოებული ნიმუშები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში გაიგზავნა. გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე კომპანიამ საქართველოს მასშტაბით გადაამოწმა 14 000 ობიექტამდე, 806 მაღაზიიდან ამოღებულ იქნა წითელი ტრადიციული ტყემალი, რასაც გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდა. დრო დასჭირდა ასევე ამოღებულ ნიმუშებში momxmarebeli.ge ანალიზში მოხსენიებული თარიღის (21/06/2018) პროდუქტის მოძებნას. აღნიშნული პროდუქტის მოძებისთანავე პროდუქტი შესამოწმებლად გაიგზავნა გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა. (იხ.დანართი)

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია კომპანიისთვის ზიანის მომტანი იყო ფინანსური კუთხით, ასევე გავლენა იქონია „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ იმიჯზე. კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტს ამ საკითხების იურიდიული კვლევა და შესაბამისი ზომების მიღება დაევალა.

გაცნობებთ, რომ ქარხანაში ნედლეულის მიღების სეზონი დასრულებულია და ჩვენს საწყობებში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, ნიმუშების აღების წესების დაცვით (რაც გულისხმობს დამოუკიდებელი პირის მიერ ნიმუშების დალუქვის და გაგზავნის წესების დაცვას) შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმოს ჩვენი წარმოების პროდუქტი.

(R)