ბუნებრივი აირის მომხმარებელს სასურველი პაკეტის არჩევა შეეძლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება.

ამის შესახებ ”პალიტრა TV”-ს გადაცემა ”საქმეში” ისაუბრეს.

როგორც ”სემეკის” მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ფანგანი აღნიშნავს, მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების სრულიად ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. ”ეს რეგულაციები არ ეხება მხოლოდ მიერთების საფასურს, ეს ეხება სრულ ტექნოლოგიურ ციკლს, დაწყებული განცხადების ჩაბარებიდან, ბუნებრივი აირის მიღების ჩათვლით”,-აღნიშნავს გიორგი ფანგანი.

მისივე თქმით, პოტენციურ მომხმარებელს - ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველს, განაწილების ლიცენზიაში ერთი მიმართვის შემდეგ შეუძლია სრული მომსახურების მიღება. მომხმარებელს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის შევსება და მისი განაწილების ლიცენზიანტთან ჩაბარება ევალება. მომხმარებელს ასევე საშუალება ექნება აირჩიოს სასურველი პაკეტი: ”მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი პაკეტის არჩევა. პაკეტი გულისხმობს ბუნებრივი აირის სიმძლავრეს - თუ რა რაოდენობის გაზის მოხმარება სჭირდება მას”, - აღნიშნავს გიორგი ფანგანი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროცედურებზე გათვალისწინებულია მიერთების ვადა და საფასური. ”მიერთების საფასური შემცირდა და ახლა ის 600 ლარის ნაცვლად 400 ლარია”,-ამბობს გიორგი ფანგანი.