რა თანხას იხდიან უცხოელები სახელმწიფო ბიუჯეტში

2018 წელს უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირებს მფლობელობაში არსებული ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ - 27,707.6 მლნ ლარი იყო, 2017 წელს კი - 23,605.5 მლნ ლარი. ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.

ამასთან, როგორც კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა. კერძოდ, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა - 7,480,352 ლარი; 2017 წელს კი - 6,841,572 ლარი შეადგინა.

საშემოსავლო გადასახადთან შედარებით მცირეა, თუმცა, ზრდადია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ოდენობაც. 2018 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მიწაზე (სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების). კერძოდ, 2018 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადახდილმა ქონების გადასახდმა მიწაზე - 1,133,977 ლარი; 2017 წელს 2,934,244 ლარი შეადგინა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული როგორც აქტიური ასევე პასიური სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელ სუბიექტთა რაოდენობა. კერძოდ, 2018 წელს აქტიური სტატუსის მქონე სუბიექტთა რიცხვი - 17,122-ს, ხოლო პასიური - 11,908-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული „აქტიური“ სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელ სუბიექტთა უმრავლესობა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული. ბოლო ოთხ წელიწადში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილი თანხის მოცულობაც. 2018 წელს მათ ბიუჯეტში - 945,140,804 ლარი; 2017 წელს კი 827,522,392 ლარი შეიტანეს,“-ნათქვამია კომისიის ანგარიშში.

თაია არდოტელი