ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება უდიდესი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფორუმზე „საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები“ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას საშუალება მიეცა ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებზე.
„შანხაის ფორუმზე გამოსვლისას, მომეცა საშუალება, რათა მსხვილი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაოდენ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ქვეყნის მთავრობისგან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო, თუ სახმელეთო. ყველა ეს დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განიხილება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ჭრილში, არამედ მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად შუა დერეფნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩინეთის უდიდესი გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მათ აღნიშნული დერეფნისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთები მიაწოდოს ევროპის ბაზარს და პირიქით, მიიღონ ევროპული ტვირთები ჩინეთისთვის.
„დღეს ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ და დავრწმუნდით, როგორია აბრეშუმის გზა მოქმედებაში და რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და მის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შუა დერეფანი, რომლის მონაწილეც არის საქართველო, არის სარტყელის, გზის ინიციატივისა და ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.