დუბროვნიკში კაფეებსა და რესტორნებს კლიენტების შენობის გარეთ მომსახურება აეკრძალებათ

2020 წლიდან ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში კაფეებსა და რესტორნებს კლიენტების შენობის გარეთ მომსახურება აეკრძალებათ. ამის შესახებ სტატიას Business Insider-ი ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დუბროვნიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ქალაქი გახდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქალაქში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სცენების გადაღება გახდა. სერიალში დუბროვნიკის ისტორიული ნაწილი შვიდი სამეფოს დედაქალაქ King's Landing-ად იყო წარმოდგენილი.

თუმცა, პოპულარობის ზრდასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ქალაქი დიდი რაოდენობის ტურისტების ნაკადს ვერ უმკლავდება და რეგულაციების გატარება გახდა საჭირო. მიმდინარე წელს დამსვენებლების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ქალაქის ქუჩებში გავლაც კი შეუძლებელი იყო.

ამიტომ დუბროვნიკის მერმა მატო ფრანკოვიჩმა გადაწყვიტა ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მოეგვარებინა. მისი ინიციატივით დუბროვნიკში არსებულ რესტორნებსა და კაფეებს მომავალი წლიდან მაგიდების შენობიდან გამოტანა და კლიენტების მომსახურება აეკრძალებათ. ამასთანავე, ახალი რესტორნების გასახსნელად არსებული მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

ოფიცილაური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2018 წელს დუბროვნიკი 4.2 მილიონმა ადამიანმა მოინახულა, მიმდინარე წელს კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დუბროვნიკის გარდა ტურისტული ნაკადის შემცირებასა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისეთი ქალაქებიც ცდილობენ, როგორებიცაა ვენეცია, რომი და ამსტერდამი.

ბექა ბერიაშვილი