ჩინეთი ციფრული ფულის გამოსაშვებად ემზადება

ჩინეთი გამოსაშვებად საკუთარი ვალუტის ციფრულ ვერსიას ამზადებს. ქვეყნის ცენტრალური ბანკი კი გვპირდება, რომ ციფრული იუანის გამოშვების შემდეგ, ფინანსურ ბაზარზე ნამდვილი დოღი დაიწყება. ციფრული იუანის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა კომერციული ბანკები მისადმი უკვე დიდ ინტერესს ავლენენ.

არსებული ციფრული ვალუტების მსგავსად, როგორიცაა ბიტკოინი, „ფეისბუკის“ მომავალი ვალუტა ლიბრა, ციფრული იუანიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. თუმცა ჩინეთის სახალხო ბანკისგან კონტროლსაც დაექვემდებარება.

ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მუ ჩანჩუნმა, ჰონ კონგში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას განცხადა, რომ ციფრული ვალუტის მიმოქცევაში გაშვება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ცენტრალური ბანკი ვალუტას კომერციულ ბანკებს გადასცემს, მეორე ეტაპზე კი, ეს ბანკები მას მიმოქცევაში გაუშვებენ.

„კვლევის პერიოდში, შემდეგ კი მიმოქცევაში გაშვებისას, ჩვენ ერთგვარი დოღის მიდგომა გვექნება. ბაზარზე დომინანტი ის გახდება, ვინც სიახლეს ყველაზე უკეთ აუღებს ალღოს, იქნება ყველაზე ეფექტური, ვინც საზოგადოებას საუკეთესო მომსახურებას შესთავაზებს - ასეთები მომავალში გადარჩებიან“, - ამბობს მუ.

ის დასძენს, რომ ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საქმეში, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. მომავალში, ის ტექნოლოგია გავრცელდება, რომელსაც „დოღში“ ლიდერის პოზიციაზე მყოფი ბანკი შესთავაზებს მომხმარებელს. შემდეგ კი, ამავე ტექნოლოგიის გამოყენების უფლებას, დანარჩენი ბანკებიც მიიღებენ.

მუ ამბობს, რომ ციფრულმა ფულმა არსებული მონეტები და ქაღალდის ფული უნდა ჩაანაცვლოს. ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, გაქრება ისეთი საბანკო ოპერაციები, როგორიცაა მაგალითად, ანაბარზე პროცენტის დარიცხვა. ამასთან, სიახლეს არ იქონიებს გავლენას ინფლაციაზე და მონეტარულ პოლიტიკაზე.

ანლიტიკოსები ამბობენ, რომ ციფრული იუანის პროექტს ბევრი საერთო აქვს „ფეისბუკის“ ლიბრასთან. თუმცა მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი იქნება ის, რომ ჩინურ ციფრული ფულის მიმოქცევას რეგულატორი გააკონტროლებს.

ჩინეთს სურს, რომ გადახდის გლობალური სისტემების განვითარების კვალად, არ მოხდეს მისი კაპიტალის საზღვრების არალეგალური დარღვევები და ქვეყნიდან კაპიტალის არალეგალური გადინება.