საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში მოხდება. ამის შესახებ ქანთარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გამოყოფა, სავარაუდოდ, 2020 წლის იანვარში არის დაგეგმილი.
ამასთან, ქანთარია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელი მისი მოადგილე ბადრი მაისურაძე იყოს, თუმცა ქანთარია არ გამორიცხავს, რომ კულტურის სამინისტროს ჩამოყალიბების შემდეგ, მინისტრად სწორედ ბადრი მაისურაძე დაინიშნოს.
"მეეჭვება ახლა ბადრი მაისურაძე დაინიშნოს მინისტრად იმიტომ, რომ იგი არის წმინდად კულტურის მიმართულებით მოღვაწე ადამიანი. თავის საქმეში ის ძალიან მაგარია. ცალკე როდესაც გამოეყოფა კულტურის სამინისტრო, შესაძლებელია, შემდეგ დაინიშნოს მინისტრად. ოღონდ ამ შემთხვევაში ოპერა უნდა დატოვოს მან.
გამოყოფაზე დაპირება იყო და მე მგონი. არ გადავლენ ამ დაპირებას. გიორგი გახარია, მგონია, რომ ამას გააკეთებს. ჩემი ინფორმაციით ახლა, იანვარში უნდა მოხდეს ეს. ამასაც ბევრი პროცედურა სჭირდება," - განაცხადა ქანთარიამ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილი შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა შეცვალოს, მმართველი გუნდის წევრის თქმით, ამაზე ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, რადგან მინისტრის გადადგომისას არ ითქვა მისი შემცვლელის ვინაობა, ეს ნიშნავს, რომ კანდიდატურა ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
"მაია ვიცი, რომ ძალიან კარგი, მცოდნე და ენერგიული ქალბატონია. ცენტრში როდესაც მუშაობდა, თანამშრომლები მასზე მხოლოდ კარგს ამბობენ. რადგან არ ითქვა პირდაპირ, რომ "აი, მე მივდივარ და ეს ადამიანი გააგრძელებს ჩემს საქმეს", ესე იგი, მართლაც პირადი მიზეზია წასვლის. ამიტომ ფიქრია საჭირო, რომ მისი შემცვლელი მოინახოს,"- განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი.