ქვეყნები, სადაც განათლება ყველაზე ძვირი ღირს

ავსტრალიაში სწავლა იმაზე ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

როგორც Business Insider წერს, ჩატარდა კვლევა, რომელში მონაწილეობაც 15 ქვეყნის 4 ,500-მა მშობელმა მიიღო. მშობლების ინფორმაციით, შვილებისთვის უმაღლესი განათლების მიცემა ავსტრალიაში ყველაზე ძვირი ჯდება. მაგალითად, თუ აშშ-ში სწავლა წელიწადში საშუალოდ 36 ათასი აშშ დოლარი ღირს ( საფასურში შედის სწავლების გადასახადი და ცხოვრების ღირებულება), ანალოგიური პერიოდი ავსტრალიაში დაახლოებით 42 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

ავსტრალიაში განათლების მიღება განსკუთრებული პოპულარობით აზიელ სტუდენტთა შორის სარგებლობს. თუმცა, როგორც უცხოური გამოცემა წერს, აქ სწავლის ხარისხი განათლების ღირებულებას არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. მათ მისაზიდად ქვეყანას 2 ფაქტორი ეხმარება: პირველი - აზიასთან ტერიტორიული სიახლოვე და მეორე - ცხოვრების მაღალი დონე.

როგორც ამბობენ, ავსტრალიის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, სწორედ უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ავსტრალიის შემდეგ, განათლების მიღების თვალსაზრისით, ძვირადღირებული ქვეყნების სიაში მოხვდნენ: სინგაპური, სადაც ერთი წლის სწავლების საფასური 39 ათას აშშ დოლარზე მეტია, აშშ- 36 ათასი, გაერთიანებული სამეფო - 35 ათასი, ჰონგ-კონგი - 32 ათასი, კანადა - 29 ათასი, საფრანგეთი - 16 ათასი, მალაიზია - 12 ათასი, ტაივანი - 11 ათასი და სხვა. განათლების მიღება ამ ქვეყნების ფონზე შედარებით იაფი ინდოეთშია. აქ სწავლა 5 ათასი აშშ დოლარი ჯდება.