უკრაინული ავიაკომპანია, SkyUp Airlines-ი ბათუმი-კიევისა და თბილისი-კიევის გარდა, 27 ოქტომბრიდან თბილისი-ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს იფრენს.
ავიაკომპანია, „SkyUp Airlines“ -ი უკვე თითქმის ორი წელია საქართველოში ავიარეისებს ბათუმი-კიევისა და თბილისი-კიევის მიმართულებით ასრულებს.
საქართველოში „SkyUp Airlines“ -ის გენერალური წარმომადგენელის კომპანია „ავიაქსელის“ დირექტორის ამირან აბესაძის თქმით, საქართველო კომერციულად მომგებიანი ქვეყანაა, რაც ახალი რეისის დამატების მიზეზი გახდა.
„SkyUp თითქმის 2 წელია, რაც საქართველოში ფრენებს ახორციელებს. პირველი მისი მარშრუტი საქართველოში იყო თბილისი-კიევი და ბათუმი-კიევის მიმართულებით. ამ ორი წლის განმავლობაში იზრდება ფრენების სიხშირეც. ამ ზამთარს უკვე ყოველდღიურად ვიფრენთ თბილისი-კიევის მიმართულებით.
თვითონ კომპანია დაბალ ბიუჯეტიანია, ბილეთის ღირებულებაც საკმაოდ დაბალია სხვა კომპანიებთან შედარებით, მაგრამ კომპანია მაინც ახერხებს დაბალი მოგებით კლიენტურა მოიზიდოს თავის რეისებზე. მიუხედავად დაბალ ბიუჯეტური კონცეფციისა, ავიაკომპანია მაინც მაღალ ხარისხს სთავაზობს მის მგზავრებს.
ავიაკომპანია, „SkyUp -ის საქართველოში შემოსვლის მიზეზი იყო კომერცია. კომერციული თვალსაზრისით საქართველო ძალიან მიმზიდველია. ტურისტების საკმაო რაოდენობა გვყავს უკრაინიდან, შესაბამისად, მოთხოვნა დიდი იყო, რომ რეისების რაოდენობა გაზრდილიყო“, - განაცხადა "ავიაქსელის" დირექტორმა ამირან აბესაძემ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი