"ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ"

შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ნათია თურნავასთან. მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის პოტენციალს, - განაცხადა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიის Ctrip- ის უფროსმა დირექტორმა ჩარლზ ლიუმ, რომელმაც შანხაიში შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩარლზ ლიუს განცხადებით, ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია - ეს არის მისი ადგილმდებარეობა, სათხილამურო კურორტები, მდიდარი ისტორია და შესანიშნავი საკვები და ღვინო.

„საქართველოში ტურიზმის უამრავი სექტორია. თქვენ ასევე გაქვთ ბათუმი და ულამაზესი სანაპირო ზოლი. მტკიცედ მჯერა, რომ სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში “, - აღნიშნა ჩარლზ ლიუმ.

ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში ადვილია ვიზის მიღება. მისი თქმით, უპირატესობაა ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ელექტრონული ვიზა და პირდაპირი ფრენები პეკინიდან თბილისში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.