"მოხარულები ვართ, რომ საქართველო დასახელდა 2020 წლის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით"

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „WTM London -2019“ საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელსაც 2020 წელს უნდა ეწვიო. სამოგზაურო სიაში საქართველო პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ბლოგერების სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა.

ევროპის საუკეთესო ახალ, მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად საქართველო პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა Travel Lemming დაასახელა. მოგზაური ბლოგერებისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოს 30 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მიანიჭა. კონკურსში მონაწილეობაზე ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა.

„ჩვენ, როგორც ქვეყანა ვიმყოფებოდით ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ, ქვეყანაში დავბრუნდით საერთაშორისო აღიარებით და ჯილდოთი, რომლითაც საქართველო დასახელდა 2020 წლის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ეს წარმატება ასახავს იმას, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული მარკეტინგული აქტივობები, სხვადასხვა ღონისძიებები, კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის დასაწყისიდან ატარებს, არის ძალიან წარმატებული.

ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პოზიციონირება მსოფლიოს მასშტაბით ძალიან კარგად განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტურისტებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს აქვთ იმის სურვილი, რომ საქართველოში იმოგზაურონ როგორც წელს, ასევე მომავალ წელს “,- აცხადებს საქრთველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„საქართველო მსოფლიოს იდუმალი სამოგზაურო მარგალიტია, კომპაქტური ზომის მიუხედავად ქვეყანა გაგაოცებთ უდიდესი მრავალფეროვნებით“, - წერენ ბლოგერები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის მსურველებს კავკასიონის მთების და ძველი თბილისის დათვალიერებას ურჩევენ.

„საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შემოგთავაზოთ. მოდური დედაქალაქი, ულამაზესი მთების პეიზაჟები, ნამდვილად უგემრიელესი კერძები და ღვინო. ვფიქრობ, საქართველო უახლოეს წლებში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდება“,- წერს ბლოგერი ქეით მაკკალი.

ცნობისთვის, საქართველოსთან ერთად 2020 წლის სამოგზაურო სიაში შვედეთი, ესტონეთი, შვეიცარია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა და სხვა ქვეყნები, რეგიონები და ქალაქები მოხვდნენ.

Travel Lemming-ი 2016 წელს ამერიკელმა ნეიტ ჰეიკმა დაარასა, რომელმაც უკვე 66 ქვეყანაში იმოგზაურა. ვებგვერდის მიზანი ახალი, მიმზიდველი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაა.