კომპანია „სილქნეტი“ საკუთრებისა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„სილქნეტის“ ცნობით, კომპანია „სილქნეტი“ არალეგალური ფილმების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და ამ მიზნით უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირებისთვის.
„საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებენ ვებგვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ აქვთ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც „სილქნეტია“ მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტის და ფილმების შესაძენად. გვინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ერთად ავიმაღლოთ ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ჩვენს საზოგადოებაში დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ერთად შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნულ ინდუსტრიას დასჭირდება დიდი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონი გახდეს გარანტი და დაინერგოს ეფექტური მექანიზმები, რათა სწრაფად მივუახლოვდეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით საავტორო უფლებების დაცვა და არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნა. კომპანია „სილქნეტი“ არალეგალური ფილმების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირებისთვის. ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხიმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. შემოგვიერთდით, შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება. ერთად დავიცვათ საავტორო უფლებები და ვუთხრათ არა არალეგალურ კონტენტს”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.